Thursday, December 13, 2012

დირიჟორი

დირიჟორი — ორკესტრის ხელმძღვანელი. იგი დგება შემსრულებელთა პირისპირ და ჯოხით ხელში (ზოგჯერ უჯოხოთაც) განაგებს მთელ ორკესტრს. თანამედროვე მუსიკალური აზრისათვის სავსებით მიუღებელია ორკესტრის მართვის წესი, რომელსაც იცავდნენ XVII-XVIII საუკუნეების საორკესტრო კოლექტივთა ხელმძღვანელები. მაგალითად, იმ დროს ინგლისში დირიჟორები ორკესტრის ხელმძღვანელობისას ცდილობდნენ ფეხის ბრახუნით ან თავის ქნევით, ფრანგი დირიჟორები კი - იატაკზე ჯოხის დარტყმით, ან - ვიოლინოთი ხელში. კერძოდ, მევიოლინე საჭირო ადგილებს დირიჟორობდა ხემით (ამგვარად მევიოლინეები ახლაც დირიჟორობენ კამერულ ორკესტრს, მაგ: ლიანა ისაკაძე) დირიჟორი ორკესტრთან ყოველთვის სახით დგას. დირიჟორზეა დამოკიდებული, თუ რა ტემპში შესრულდება ნაწარმოები. თავის დირიჟორობით განთქმულია დიდი გერმანელი კომპოზიტორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, რომელმაც თავისი მე-9 სიმფონია აბსოლუტურად ყრუმ შეასრულა. განთქმული ქართველი დირიჟორები არიან: ივანე ფალიაშვილი (ზ. ფალიაშვილის ძმა), ევგენი მიქელაძე, ჯანსუღ კახიძე და სხვები.
                ქართველი დირიჟორიჯანსუღ ივანეს ძე კახიძე (დ. 10 იანვარი, 1936, სოფ. ობჩა, ბაღდათის რაიონი — გ. 7 მარტი, 2002), ქართველი დირიჟორი, ლოტბარი, კომპოზიტორი და მომღერალი. საქართველოს სახალხო არტისტი (1978). საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი.დაიბადა 1936 წელს მეღვინის ოჯახში. 1958 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატირია (საგუნდო-სადირიჟირო განხრით) ოდისეი დიმიტრიადის სადირიჟორო ჯგუფი. სტაჟირება გაიარა საფრანგეთში იგორ მარკევიჩთან. შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს. 1958-1962 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი.

1957 წელს ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი „შვიდკაცა“ (ახალგაზრდობის VI მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი, ოქროს მედალი). ერთი წლის შემდეგ კი ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენაზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით. 1962-1971 წლებში იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი (1965-68 წლებში მთავარი დირიჟორი). 1971-73 წლებში მიიწვიეს ქ. ლოძში (პოლონეთი) დიდი თეატრის დირიჟორად. აქ 1972 წელს მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით დაიდგა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“.

1973 წლიდან ჯანსუღ კახიძე იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. მას შექმნილი აქვს მუსიკა კონოფილმებისათვის, („შერეკილები“, გ. ყანჩელთან ერთად, „პირველი მერცხალი“, „დათა თუთაშხია“ ბიძინა კვერნაძესთან ერთად). კახიძის ხელმძღვანელობით თბილისში პირველად შესრულდა მთელი რიგი სიმფონიური ნაწარმოებები (სტრავინსკის „საღმთო გაზაფხული“, შოსტაკოვიჩის მე-4 სომფონია, ჰაიდნის 86-ე სიმფონია, შჩედრინის „ანცი შაირები“, ყანჩელის ექვსივე სიმფონია, ნასიძის მე-4, მე-5, მე-6, მე-7 სიმფონიები, მაჭავარიანის მე-2 სიმფონია, გაბიჩვაძის „როსტოკური სიმფონია“, თორაძის მე-2 სიმფონია და სხვა). საქართველოს სახელმწიფო და რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1977). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით.

მან თავისი ხელოვნება მსოფლიოს არაერთ ქალაქში წარმოადგინა. კახიძე დირიჟორობდა ბავარიის ორკესტრს, ლონდონის სიმფონიურ ორკესტრს, პარიზის რადიოს ორკესტრს, მილანის ლა-სკალას ორკესტრს, ვაშინგტონისა და ბოსტონის, სიდნეისა და მელბურნის ორკესტრებს. აღსანიშნავია, რომ კახიძის სადირიჟორო ჯოხი იტალიის ქალაქ ბუსეტოში, ვერდის სახლ-მუზეუმში ინახება. გარდაიცვალა 2002 წელს




http://ka.wikipedia.org/


No comments:

Post a Comment